Wednesday, January 23, 2013

რატომ ვბერდებით?


სიბერე რთული ბიოლოგიური პროცესია. იგი ორგანიზმზე მოლეკულურ, უჯრედულ და სისტემურ დონეზე მოქმედებს, ამიტომ სიბერის მექანიზმის გაგება მხოლოდ ორგანიზმის სამივე დონეზე ცხოველქმედების გათვალისწინებითაა შესაძლებელი. დღეისთვის შემუშავებულია 300-ზე მეტი თეორია, რომლებიც სიბერის არსის ახსნას ცდილობენ. რამდენიმე მათგანი ყველაზე უკეთ ხსნის ამ ფენომენს და ჩვენც სწორედ მათ გაგაცნობთ.

გენრეგულატორული მექანიზმი
ცნობილია, რომ მემკვიდრეობითი ინფორმაცია უჯრედში, მის ბირთვში არსებულ დნმ-ს მოლეკულაშია მოთავსებული. იქვეა გენები, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანის ორგანიზმის თითოეულ ნიშან-თვისებას, ამასთანავე, განაგებენ უჯრედში ცილის და ფერმენტების სინთეზს.
დროთა განმავლობაში, არახელსაყრელ გარეგან (რადიაცია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება, ქიმიური მუტაგენები) და შინაგან (ენდოტოქსინები, ვირუსები, ქსოვილთა არასრულად დაუჟანგავი პროდუქტები, თავისუფალი რადიკალები) არახელსაყრელ ფაქტორთა გავლენით, იცვლება ცილის ამინმჟავური შედგენილობა და დნმ-ს მოლეკულაში წერტილოვანი მუტაციები (ცვლილებები) ვითარდება. თავდაპირველად უჯრედი ამ ცვლილებებს ეგუება, რისთვისაც იგი დაცვის სისტემას (რეპარაცია-აღდგენა და ბირთვულ-ციტოპლაზმური კონტროლი) იყენებს, მაგრამ დროთა განმავლობაში მომრავლებული წერტილოვანი მუტაციები ასუსტებს უჯრედის დაცვით ძალებს და იგი არასრულფასოვანი ცილის სინთეზს იწყებს, რომლებშიც ერთი სახის საჭირო ამინმჟავა მეორე სახის ნაერთითაა შეცვლილი. ეს იწვევს უჯრედში ნივთიერებათა ცვლის მოშლას, მის მემბრანაზე აქტიურდება ცხიმების დაჟანგვა, ირღვევა ენერგეტიკული ცვლა, უჯრედის შიგნით იმატებს კალციუმის შემცველობა, რაც ცვლის უჯრედის ელექტროქიმიურ პოტენციალს და ისიც იღუპება.

ნეიროჰუმორული მექანიზმი
30 წლის შემდეგ ადამიანის ცენტრალურ ნერვულ სისტემაში მცირდება უჯრედების - ნეირონების რაოდენობა. დარჩენილ ნერვულ უჯრედებში კი გროვდება ნივთიერება - ლიპოფუსცინი, იგი ნეირონის ცხოველქმედების პროდუქტია და ტოქსიკური თვისებები აქვს. ამის გამო ქვეითდება ნეირონებში იმპულსის გატარების სიჩქარე, რაც ნერვული სისტემის მთავარი სამოქმედო პროცესია, შედეგად კი ზარალდება შინაგანი ორგანოები, რადგან სარეგულაციო მექანიზმების მოშლით მათი ფუნქციები ქვეითდება. ნერვული სისტემის დაბერების თანმხლები პროცესია ნეირომედიატორების სინთეზის შემცირება. ეს ის ძირითადი ნივთიერებებია, რომლებიც ნერვული იმპულსის ერთი ნეირონიდან მეორეზე გადაცემას ახორციელებს. ასაკობრივი ცვლილებები განსაკუთრებით ჰიპოთალამუსს აზიანებს. ტვინის ეს ნაწილი ნახევარსფეროების სიღრმეში მდებარეობს და განაგებს ნერვული ცენტრების ფუნქციობას, შინაგანი ორგანოების კოორდინირებულ მუშაობას, ჰორმონთა წინამორბედების გამომუშავებას. ჰიპოთალამუსში მიმდინარე ცვლილებები ნეგატიურად აისახება ენდოკრინულ, იმუნურ, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის სისტემებზე, შემაერთებელ ქსოვილზე.

სიბერის ამხსნელი თეორიები
ასაკის კვალდაკვალ ორგანიზმში მიმდინარე დამანგრეველი ცვლილებების განვითარების მიზეზებს ყველაზე უკეთ უჯრედული, ფიზიოლოგიური და მოლეკულური დაბერების თეორიები ხსნიან. ისინი კონკურენტულნი არიან, თუმცა ერთმანეთს ავსებენ და სიბერის ზოგად სურათს წილობრივი რეალობით ასახავენ.

უჯრედული დაბერების თეორია
უჯრედი სამი თანამიმდევრული პროცესის შედეგად ბერდება:
1. დგება პერიოდი, როცა უჯრედების დაყოფა შეუძლებელია;
2. ქვეითდება იმ უჯრედების შრომის უნარი, რომლებმაც დაკარგეს გაყოფის უნარი (კუნთოვანი და ნერვული უჯრედები);
3. უჯრედს სხვადასხვა სახის გენეტიკური მუტაციები აბერებს.

უჯრედების დაყოფა შეზღუდულია
ადამიანის უჯრედებს განსაზღვრული რაოდენობით შეუძლიათ დაიყონ. ამ რაოდენობას ჰეიფლიკის ლიმიტი ეწოდება და სხვადასხვა ტიპის უჯრედებისთვის დაახლოებით 50-70-ს უდრის. შემდგომ ლიმიტი იწურება და უჯრედის დაყოფა შეუძლებელი ხდება. ასეთი ტიპის უჯრედებში დაკარგულია აპოპტური სიგნალებისადმი მგრძნობელობა. ეს ის სიგნალებია, რომლებიც ძველ, უვარგის უჯრედს თვითლიკვიდაციისკენ მოუწოდებს. შედეგად ძველი უჯრედები ორგანიზმში გროვდება და როდესაც მათი რაოდენობა გარკვეულ ზღვარს მიაღწევს, ქსოვილი კარგავს ჯანსაღი ფუნქციობის უნარს.
___________________________

უჯრედშიდა ნაგვის დაგროვება
უჯრედში განუწყვეტლივ მიმდინარეობს დიდი ზომის მოლეკულების დაშლა მარტივ კომპონენტებად. ნარჩენ წიდასა და ნაგავს უჯრედი სპეციალური დამასუფთავებელი სისტემის მეშვეობით ანეიტრალებს და გარეთ გამოდევნის. რთული ნივთიერებების მარტივ კომპონენტებად დაშლისას ზოგჯერ ისეთი არაბუნებრივი შემადგენლობის ნაერთები მიიღება, რომელთა უჯრედიდან გამოდევნასაც დამასუფთავებელი სისტემა ვერ ახერხებს და ეს ნაგავი უჯრედის შიგნით გროვდება. როცა უჯრედები ინტენსიურად იყოფიან, ეს პროცესი დამანგრეველი არ არის, რადგან დაყოფისას უჯრედებში იკლებს ნაგვის კონცენტრაცია, მაგრამ მაშინ, როდესაც უჯრედების ინტენსიური დაყოფა წყდება, ნაგავი დიდი რაოდენობით გროვდება და ქსოვილს ნორმალური ფუნქციობის საშუალებას აღარ აძლევს.

გენეტიკური მუტაცია
დროთა განმავლობაში სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორის გავლენით გენური მუტაციები ორგანოებისა და ქსოვილების ასაკობრივ ცვლილებებსა და ახალწარმონაქმნების - სიმსივნეებისა და კიბოს - განვითარებას იწვევს. კიბოს შეუძლია, ადამიანი იმ შემთხვევაშიც კი გაანადგუროს, თუ შესაბამისი მუტაცია თუნდაც ერთ უჯრედში განვითარდება, რადგან ამგვარ უჯრედებს უსასრულოდ დაყოფის უნარი შესწევთ. ახალგაზრდა ასაკში დნმ-ში განვითარებული მუტაციების პასუხად უჯრედები ან თვითმკვლელობით ასრულებენ სიცოცხლეს, ან უარს ამბობენ დაყოფაზე და ამით პასუხობენ დნმ-ს ცვლილებას, წინ ეღობებიან სიმსივნის განვითარებას, ხანდაზმულ ასაკში კი ეს საპასუხო რეაქციები ქვეითდება.

ფიზიოლოგიური თეორია
იმ შემთხვევაშიც კი, ჯანსაღ უჯრედებს, სიმსივნურთა მსგავსად, უსასრულოდ დაყოფის უნარი რომ ჰქონოდათ, ორგანიზმი მუდამ ახალგაზრდა ვერ დარჩებოდა. ადამიანის თითოეული ორგანო უჯრედების მრავალფეროვნებით გამოირჩევა და თუ ისინი ჯანმრთელნი არიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ორგანოც ჯანმრთელია. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რომელი უჯრედი რა ადგილას მდებარეობს, როგორია მათი რიცხვი და როგორ ურთიერთქმედებენ ისინი ერთმანეთთან. ასაკთან ერთად ორგანიზმში ფიზიოლოგიური ცვლილებების წყება მიმდინარეობს: ქვეითდება ტვინის მასა და მასში წყლის შემცველობა, მკვეთრად მცირდება ნეირონების რაოდენობა და სისხლის მიმოქცევის ინტენსივობა; 20 წლიდან თიმუსის ქსოვილის ნახევარს ცხიმოვანი ქსოვილი ცვლის; ქვეითდება ორგანიზმის დამცველობითი, იმუნური ძალები. ბოლო ხანს მეცნიერები აქტიურად მუშაობენ ისეთი პრეპარატების შესაქმნელად, რომლებიც ხელოვნურად შეანელებენ ორგანიზმში მიმდინარე ასაკობრივ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს და ორგანიზმს ფუნქციური წონასწორობის დიდხანს შენარჩუნებაში დაეხმარებიან.

მოლეკულური თეორია
ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოლეკულურ ცვლილებებს იწვევს, თავისუფალი რადიკალებია. უჯრედშიდა მოლეკულური დაზიანების მეორე ფაქტორია ცილოვანი მოლეკულების არასწორი ურთიერთქმედება. იგი გლუკოზის გავლენით იწყება - ცილის მოლეკულები ერთმანეთს ეწებებიან და წარმოქმნიან არასწორ ბმებს, შესაბამისად, კარგავენ თავიანთი ფუნქციის შესრულების უნარს. ასეთი არასწორი კავშირები ასაკთან ერთად ხშირდება. ამასთან, ცილების არანორმალური ურთიერთქმედების უარყოფითი შედეგი იმდენად თავად ცილების მოდიფიკაცია არ არის, რამდენადაც ამ ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილი თავისუფალი რადიკალები, რომლებიც უშუალოდ მოქმედებენ დნმ-ს მოლეკულაზე და ზემოხსენებულ გენურ მუტაციებს იწვევენ. სწორედ ამიტომ გვირჩევენ მეცნიერები დაბალკალორიულ კვებას, შაქრის შემცვლელების გამოყენებას - ყოველივე ეს სისხლში შაქრის შემცველობას ამცირებს. ყველაზე ადრე კანი და საჭმლის მომნელებელი ორგანოები ბერდება. პირველი - გარეგანი ფაქტორებისა და ემოციების, ხოლო მეორე - საკვების ზემოქმედების შედეგად. ნეგატიური ფაქტორების გავლენით კანისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა უჯრედები უფრო ხშირად და სწრაფად იყოფიან, ვიდრე ეს ბუნების მიერაა განსაზღვრული, ამიტომ ისინი დაყოფის გენეტიკურ მარაგს სხვებზე სწრაფად ამოწურავენ, იფიტებიან და ბერდებიან.

პარანოია


პარანოია ქრონიკულად მიმდინარე ბოდვით ფსიქოზებს მიეკუთვნება. ჰიპოკრატეს დროიდან ამ ტერმინით განისაზღვრებოდა ფსიქიკურ აშლილობათა ფართო სპექტრი, რომელშიაც გაერთიანებული იყო სხვადასხვა სახის ბოდვითი აშლილობანი. შემდეგ, პარანოია გამოიყო ცალკე დამოუკიდებელ დაავადებად. მკვლევართა უმრავლესობა მას ენდოგენურ დაავადებათა ჯგუფს მიაკუთვნებს. პარანოია ძირითადად 35–40 წლის ასაკში ვითარდება და უმეტესად ქალებში გვხვდება.

  იწყება თანდათანობით, რეალური სიტუაციებისა და კონფლიქტების გადამეტებული, ზეღირებულოვანი შეფასების შედეგად. დროთა განმავლობაში ზეღირებულოვანი იდეების მიმართ ქვეითდება კრიტიკა და ყალიბდება ჩამოკვეთილი, სისტემური ბოდვითი იდეა. პარანოიალური იდეების დასამტკიცებლად ავადმყოფები აგებენ მკაცრ ლოგიკურ სისტემებს, ეყრდნობიან მოგონებებს, რომლებსაც შემდგომში არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებენ. ბოდვითი პროდუქციების ჩარჩოებს მიღმა ავადმყოფები ნორმალურ, სრულფასოვან ცხოვრებას ეწევიან. ადექვატურად იქცევიან ოჯახში, სამსახურში, ახლობლებთან. ადაპტაცია იმდენად სრულყოფილია, რომ ბოდვითი თემატიკის მიღმა, პათოფსიქოლოგიური მეთოდიკებითაც კი ვერ ხერხდება აზროვნების პათოლოგიის დადგენა.

არსებობს პარანოიის კლინიკური სისტემატიზაციის მრავალი ვარიანტი. მათგან ყველაზე მისაღებია ე.კრეჩმერის დაყოფა: ექსპანსიური, სენზიტიური და სურვილების პარანოია. ექსპანსიური პარანოია აერთიანებს პარანოიალური ბოდვის იმ ფორმებს, რომელთაც ახასიათებთ აქტიური თვითდამკვიდრების მოტივაცია და ბრძოლა ბოდვითი დაყენებების რეალიზაციისათვის. ეს ადამიანები აქტიურად ცდილობენ დაამტკიცონ თავისი სიმართლე. სენზიტიური ფორმა განპირობებულია სოციალური ადაპტაციის გაძნელებით, ზემგრძნობელობით, დაუკმაყოფილებლობის, არასრულფასოვნების განცდის ბოდვით რეგისტრში გადაზრდით. სურვილების პარანოიის მაგალითია ეროტიული ბოდვა, რომლის დროსაც ავადმყოფი დარწმუნებულია, რომ იგი უყვარს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას და ყველაფერში ხედავს შეყვარებულის გრძნობების გამოხატვას. აშკარა ურთიერთობების არარსებობა აიხსნება მასში შეყვარებული პიროვნების გაუბედაობით, სიმორცხვით. ხშირად ავადმყოფი თავად დგამს გადამწყვეტ ნაბიჯს, რაც რეალური კონფლიქტის მიზეზი შეიძლება გახდეს.
პარანოია, როგორც წესი, პრაქტიკულად განუკურნებელ დაავადებებს მიეკუთვნება, თუმცა ხანგრძლივი და სისტემატური მკურნალობით შესაძლოა მიღწეულ იქნას სიმპტომატიკის გარკვეული შერბილება. ნეიროლეფსიური და ტრანკვილიზაციური პრეპარატებით შესაძლებელია აფექტური დაძაბულობის შესუსტება. ამასთან ერთად აუცილებელია ფსიქოთერაპიის გამოყენება, განსაკუთრებით იმ მეთოდების, რომლებიც უადვილებენ პაციენტს ადაპტაციას გარემოსთან და ხსნიან დაძაბულობას.

კომა

 კომატოზური მდგომარეობა, მძიმე, სიცოცხლისათვის სახიფათო მდგომარეობა – ცნობიერების ღრმა დარღვევა და გარე გამღიზიანებლებზე ორგანიზმის რეაქციის მკვეთრი შესუსტება ან სრული დაკარგვა. ახასიათებს რეფლექსების თანდათანობით მოშლა სრული გაქრობამდე, სუნთქვის სიღრმისა და რიტმის დარღვევა, მაჯოსცემის შენელება ან აჩქარება, ტემპერატურული რეგულაციის მოშლა, არტერიული სისხლის წნევის დაცემა და ა. შ.
კომა ვითარდება თავის ტვინის ქერქის, ქერქვეშა მიდამოსა და ცენტრალური ნერვული სისტემის უფრო დაბალი უბნების ღრმა შეკავების შედეგად, თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის, თავის ტრავმის, ანთების (ენცეფალიტი, მენინგიტი, მალარია) და სხვა დროს; შეიძლება გამოიწვიოს მწვავე მოწამვლამ (მაგ., ბარბიტურატებით) ან განვითარდეს შაქრიანი დიაბეტის, ურემიის (ურემიული კომა) ჰეპატიტის დროს. ამასთან ნერვულ ქსოვილში ირღვევა ტუტემჟავური წონასწორობა, ვითარდება ჟანგბადის შიმშილი და სხვა. კომას წინ უძღვის პრეკომატოზური მდგომარეობა.

რაარის შიში? საიდან მოდის ეს ყოველივე ადამიანში?


ერთერთი ინგლისელი მეცნიერი ამბობდა რომ მას ბავშვობაში აშინებდნენ რადგან ძალიან მოუსვენარი და ცუდად აღსაზრდელი ბავშვი იყო , ის სულ რაღაც 4 წლისა იყო როცა ღამით ბავშვებთან ერთად ეზოში თამაშისას რაღაც მოელანდა . როცა გაიზარდა უნდოდა ამოეხსნა ეს თუ რაში მდგომარეობდა ეს მოვლენა , მაგრამ ამაოდ ის გარდაიცვალა 67 წლისა და ამ ხნის განმავლობაში ვერ ამოხსნა ეს მოვლენა

ამერიკელი მეცნიერები ამტკიცებენ რომ არ შეიძლება ბავშვის რაიმეთი შეშინება რადგან ის მოქმედებს მისი ტვინის უჯრედებზე და იწვევს მათ შევიწროებას რის შემდეგაც ეს იწვევს ჰალუცინაციებს

მაგალითად ძალიან ბევრია რომელთაც ეშინიათ სიბნელის იმის გამო რომ მათ აქვთ ნანახი რაიმე საშინელებათა ფილმი , მათ აწუხებთ უძილობა და რაიმეს გაშრიალებაზე ისინი ოფლისგან იღვრებიან

ერთერთი ინგლისელი მეცნიერი “ჯონ ჰალკბერი” ამტიკიცებდა რომ ადამიანს ეშინია საკუთარი თავის , მას ეშინია შეიხოდეს საწოლის ქვეშ რადგან მას გონია რომ მისი საწოლის ქვეშ რაიმე მონსტრი იმალება , ეს არის “ავადმყოფობა” რომელსას სახელი არ აქვს მას უწოდებენ უბრალოდ შიშს , ძალიან ბევრია ადამიანი რომელსაც ეშიანი ღამით მეორე ოთხში გასვლის რადგან მას ჰგონია რომ მეორე ოთახში ვიღაცის აჩრდილი დაძრწის , არადა მას საერთოდ არ ჰყავს თვალით ნანახი არანაირი ზებუნებრივი არსება მაგრამ მაინც ეშინია . არადა ყველაფერი ამაოა და ბლეფი , სრულიად უსაფუძვლოა დაემყარო შიშს რომელიც თვალით არ გაქვს ნანახი ვერ ხედავ და მის მიმართ განიცდი “ავადმყოფობას” რომელსაც შიში ქვია

თვითმკვლელობა

 შეიძლება გამოწვეული იყოს ბევრი მიზეზით, მათ შორის ყველაზე ხშირია დეპრესია, სირცხვილი, დანაშაულის განცდა, გაუსაძლისი ფიზიკური ტკივილი, ემოციური გადატვირთვა, აღელვება, ფინანსური პრობლემები და ა. შ

ფრანგი სოციოლოგის ემილ დიურკემის მოსაზრების არსებობს სუიციდის შემდეგი ტიპები:
ეგოისტური თვითმკვლელობები – მიეკუთვნება დეპრესიის, ადამიანური ურთიერთობებისა და სოციალური ფაქტორების გამო ჩადენილი სუიციდის ფაქტები;

ანომიური თვითმკვლელობა – ახასიათებს ეკონომიკური მიზეზებით გამოწვეულ სუიციდურ ფაქტებს;
ალტრუისტული თვითმკვლელობა – ამ შემთხვევაში ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფს სხვაზე ორიენტირებულობის გამო. ეს მაშინ ხდება, როცა პიროვნება ისე აიგივებს თავს ვინმესთან, რომ მის გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენლად მიაჩნია.ძირითადად, ალტრუისტულ თვითმკვლელობას სიყვარულით იმედგაცრუებულები მიმართავენ.
ფატალისტური თვითმკვლელობა – ადამიანი სიცოცხლეს ასრულებს საზოგადოებრივი დოგმებისა და სტერეოტიპების გასაპროტესტებლად

არსებობს ფარული სუიციდიც, რომელიც ხორციელდება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღებით. მათი მიღება თვითდესტრუქციული ქცევაა, რომელიც პირდაპირ მიმართულია სიცოცხლის შემოკლებისკენ. ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება იზრდება სოციალური პრობლემების პროპორციულად, როცა ადამიანი მათი მეშვეობით ცდილობს რეალობიდან გაქცევას, თუმცა, სინამდვილეში, მისდა უნებურად, სიცოცხლეს გაურბის.თვითმკვლელობა ხშირად არის დაკავშირებული მძიმე სოციალურ ფონთან: თუმცა არსებობს სხვა მიზეზებიც, რის გამოც ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს ხელყოფენ ესენია:
სულიერი აშლილობა, როცა ადამიანი დაავადებული, გაუწონასწორებელია და ეს ორგანული დაზიანებიდან გამომდინარეობს.

დეპრესია

როცა სიცოცხლე აღარ გახარებს
დროდადრო უგუნებოდ ყოფნა ჩვეულებრივი რამ არის, მაგრამ როცა სიცარიელისა და იმედგაცრუების განცდა ერთიანად მოიცავს ადამიანს და უსასრულოდ დიდხანს გრძელდება, ეს უკვე შეიძლება დეპრესია იყოს. დეპრესია არღვევს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, გვართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს. დეპრესიული ადამიანი მუდამ დაქანცულია. მისი მდგომარეობა დღითი დღე უფრო და უფრო უნუგეშო ხდება. ძველ გატაცებებსა და მეგობრებს სიხარული აღარ მოაქვთ.
მართალია, უიმედობა დეპრესიის ნაწილია, მაგრამ ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ თვით მდგომარეობა უიმედო არ არის. დღევანდელ მედიცინას მოეპოვება მკურნალობის არაერთი მეთოდი, რომლებიც ეფექტურად უმკლავდება დეპრესიას.

რა არის და რა არ არის დეპრესია
განწყობილების ცვალებადობა ყველასთვის ნაცნობი მოვლენაა. მოწყენილობაც ასევე ნორმალური რეაქცია ამა თუ იმ ცხოვრებისეული გამოწვევის, სირთულისა თუ იმედგაცრუების საპასუხოდ. ბევრი ასეთ განცდებს დეპრესიას არქმევს, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
აღსანიშნავია, რომ დეპრესიაში მყოფი ზოგიერთი ადამიანი მოწყენილობას საერთოდ არ უჩივის — მათ უსიცოცხლობა, სიცარიელე, აპათია აწუხებთ. მამაკაცები და მოზარდები კი დეპრესიის დროს სევდიანობის ნაცვლად შეიძლება ბრაზმა, აგრესიამ და მოუსვენრობამ შეიპყროს.
როგორი სიმპტომებითაც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, იგი ყოველდღიურ ცხოვრებაში გავრცელებული მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც — დეპრესია თვითმკვლელობის ერთ-ერთი უდიდესი რისკფაქტორია.
ბევრს მიაჩნია, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ადამიანების ხვედრია, ამიტომაც ცდილობს დამალოს იგი, არავის გაუმხილოს და დამოუკიდებლად გაუმკლავდეს, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანი თვითონვე მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. ის შეიძლება დაემართოს ნებისმიერი სქესის, ასაკისა და სოციალური მდგომარეობის ადამიანს. მას კვალიფიციური მკურნალობა სჭირდება.
დეპრესია სხვადასხვა ადამიანში სხვადასხვანაირად გამოვლინდება, თუმცა აქვს საერთო ნიშნები და სიმპტომებიც. ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- უმწეობისა და უიმედობის განცდა. დამახასიათებელია გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის შეგრძნება, როცა ადამიანს ეჩვენება, რომ უკეთესობისკენ არაფერი შეიცვლება.
- ყოველდღიური საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა. ძველი გატაცებები და ხალხთან ურთიერთობა კარგავს აზრსა და ხალისს. ადამიანი ვერ ახერხებს სიამოვნების მიღებას, მას არაფერი ანიჭებს სიხარულს.
- მადისა და წონის ცვლილებები. მადის დაქვეითების ან გაძლიერების გამო დეპრესიის ფონზე შეიძლება საგრძნობლად შეიცვალოს წონა: მოიკლოს ან მოიმატოს 5%-ით და უფრო მეტად 1 თვის განმავლობაში.
- ძილის დარღვევები. უძილობა, განსაკუთრებით — დილაადრიან გაღვიძება ან მეტისმეტი ძილიანობა, ე.წ. ჰიპერსომნია.
- აზროვნების, მეტყველებისა და მოძრაობების შენელება. პიროვნება ისე ცოცხლად და აქტიურად ვეღარ აზროვნებს, როგორც ადრე. ასეთი ცვლილებები მის მეტყველებასა და მოძრაობაშიც შეინიშნება. შესაძლოა, უფრო ხმადაბლაც დაიწყოს ლაპარაკი.
- დანაშაულისა და უვარგისობის განცდა. ასეთ დროს პაციენტი განუწყვეტლივ იხსენებს საკუთარ წარუმატებლობას, გამუდმებით იდანაშაულებს თავს იმაში, რომ ცხოვრება ისე არ აეწყო, როგორც სურდა.
- გაღიზიანებადობა და სიბრაზე. ზოგჯერ დეპრესიას თან ახლავს მოუსვენრობა, აღელვება, გაშმაგება. ამტანობა დაქვეითებულია. პაციენტი ყოველ წვრილმანზე ფეთქდება.
- ენერგიის დაკარგვა. ხშირია ქრონიკული დაღლილობა, სხეული თითქოს დამძიმებულია, უმნიშვნელო საქმიანობაც კი ძალზე დამქანცველია და დიდ დროს მოითხოვს.
- მაღალი რისკის აქტივობა. საკუთარი პრობლემების დასავიწყებლად ზოგიერთი მიმართავს ნარკოტიკებს, ალკოჰოლს, აზარტულ თამაშებს, ექსტრემალურ სპორტს, გაუფრთხილებლად მართავს მანქანას (იხ. ჟურნალი #2(75)-ის მთავარი თემა) და სხვა.
- კონცენტრირების უნარის დაქვეითება. ყურადღების, გადაწყვეტილების მიღების, ფაქტების დამახსოვრების უნარის შესუსტება.
- აუხსნელი ტკივილები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი ფიზიკური ჩივილები, როგორიც არის თავის, ზურგის ან მუცლის ტკივილი და სხვა, რასაც ორგანული საფუძველი არ გააჩნია.
- ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე. უმწეობისა და უიმედობის განცდის დროს ადამიანმა ერთადერთი გამოსავალი შესაძლოა სიკვდილსა და თვითმკვლელობაში დაინახოს, ამიტომ თუ თქვენი ახლობელი ან მეგობარი სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე საუბრობს, ყურადღებით მოეკიდეთ — თვითმკვლელობაზე საუბარი შესაძლოა დახმარების სათხოვნელად თავგანწირული ყვირილი იყოს.დეპრესიას ერთი კონკრეტული და უნივერსალური მიზეზი არ გააჩნია. მის აღმოცენებაში რამდენიმე ფაქტორი მონაწილეობს. ფიქრობენ, რომ დეპრესიის დროს ადამიანის ტვინში განსაზღვვრული ცვლილებები ხდება. მაგალითად, იცვლება ზოგიერთი ნეიროტრანსმიტერის (ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერების) კონცენტრაცია. გასათვალისწინებელია ჰორმონული ცვლილებებიც: ჰიპოთირეოზი, მენოპაუზა და სხვა. განსაზღვრულ მნიშვნელობას ანიჭებენ ასევე მემკვიდრეობით ფაქტორს, ვინაიდან დეპრესია უფრო მეტად ისეთ ადამიანებს შორის გვხვდება, რომელთა ოჯახის წევრებიც იმავე დაავადებით იტანჯებიან. დეპრესიის განვითარება მოსალოდნელია მაშინაც, თუ პოტენციური პაციენტის ბიოლოგიურ ნათესავს სუიციდის მცდელობა ჰქონია. მეცნიერები ცდილობენ იპოვონ გენი, რომელსაც შესაძლოა მიუძღოდეს ბრალი დეპრესიის განვითარებაში. ბუნებრივია, დეპრესიის აღმოცენებას ხელს უწყობს ძლიერი ცხოვრებისეული სტრესიც: საყვარელი ადამიანის დაკარგვა, ფინანსური პრობლემები, უკურნებელი დაავადების დიაგნოზი და სხვა. ბავშვობაში გადატანილი ფსიქოლოგიური სტრესი (ძალადობა, მშობლის დაკარგვა) პერმანენტულ ცვლილებებს იწვევს თავის ტვინში, რაც მომავალში პირს დეპრესიისადმი განაწყობს. ხელშემწყობ ფაქტორს წარმოადგენს ასევე მეგობრების სიმცირე, ურთიერთობების სიღარიბე. გასათვალისწინებელია პიროვნების ისეთი ხასიათობრივი თავისებურებებიც, როგორიც არის დაბალი თვითშეფასება, სხვაზე დამოკიდებულება, თვითკრიტიკულობა, პესიმიზმი და სხვა.

ცნობიერებ

 ობიექტური სინამდვილის ასახვის უმაღლესი, ადამიანისათვის დამახასიათებელი ფორმა. ცნობიერების არსის გაგება განისაზღვრება ფილოსოფიის ძირითადი საკითხის გადაწყვეტით. ცნობიერება განუყოფელია ადამიანის ფსიქიკისაგან და მისი საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან; იგი სოციალურია თავისი ბუნებით, წარმოიქმნება ანტროპოგენეზის პროცესში, განპირობებულია შრომითი საქმიანობით, ურთიერთობითა და ენით. ჩვეულებრივი, ფხიზელი ცნობიერება მოიცავს აღქმებს, აზრებს, გრძნობებს, წარმოდგენებსა და სურვილებს მოცემულ მომენტში. პირობითად შესაძლებელია ცნობიერების 3 დონის განსაზღვრა:
1.ბაზისური დონე – შინაგანი და გარეგანი სამყაროს ცნობიერება. ამ დონეზე ჩვენ სხვადასხვა შეგრძნების გაცნობიერება, შემჩნევა შეგვიძლია.
2.იმის ასახვა, გააზრება, რასაც ვაცნობიერებთ. ამ დონეზე სიმბოლურ ცოდნას ვიყენებთ, რომელიც გვათავისუფლებს რეალურ ობიექტებსა და მიმდინარე მოვლენებზე მიჯაჭვულობისგან და უფრო ზოგად ხასიათს ატარებს.
3.უმაღლესი დონე – საკუთარი თავის, როგორც ცნობიერი, მოაზროვნე ინდივიდის გაცნობიერება, ანუ თვითცნობიერება. ამ დონეზე პიროვნულად განცდილი მოვლენების ავტობიოგრაფიულად შემეცნება ხდება